logo
ENG



"გაკვეთილები საქართველოდან" - მიხეილ სააკაშვილის ოპედი Economist-ში

01 სექ 202323:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Economist-ში ოპედს აქვეყნებს, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებაზე საუბრობს და რომელიც დასავლეთმა უკრაინასთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინოს.

"მთელ მსოფლიოში ბევრია, ვინც უკრაინაში კონფლიქტის "გაყინვისკენ" მოუწოდებს, რაც რუსეთს ქვეყნის ნაწილის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. მაგრამ საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არაფერია თუ არა ნელი მოქმედების ბომბი, ესკალაციის საფეხური", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინმა 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების გამო, მსგავსი მიზეზი იყო უკრაინის შემთხვევაშიც:

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა საბოლოოდ გამყარდა, როგორც საარჩევნო დემოკრატია და მას შემდეგ, რაც ზელენსკის ადმინისტრაციამ ოლიგარქების დევნა და რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო", - აღნიშნავს სააკაშვილი დაა დასძენს, რომ პუტინმა ვერ მოიგო მშვიდობა, მაგრამ ვერც ომს მოიგებს.

იგი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ რამდენიმე ევროპელი ლიდერის მობილიზება მოახდინა თბილისში, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაერია და პუტინი იძულებული გახდა შეჩერებულიყო. სააკაშვილის თქმით, სწორედ პუტინი დაეხმარა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში, რისთვის "ჰიბრიდული ოპერაცია" - დეზინფორმაციული კამპანია და საქართველოს საზღვართან სამხედრო მანევრები გამოიყენა.

"პუტინმა ასევე ჩემზე პირადი გამარჯვება მოიპოვა. როგორც კი ჩემი საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, ახალმა მთავრობამ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა, რითაც მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა", - ამბობს სააკაშვილი და ამატებს, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მისი დაკავება და ციხეში ჩასმა რუსულ სახელმწიფო მედიას ახარებდა.

"ერთი რამ რაც პუტინს ახასიათებს, ესაა მისი მსოფლმხედველობა - "მე ყველას წინააღმდეგ". ის აძლიერებს განხეთქილებას "ყველა დანარჩენში" და სარგებელს იღებს ამისგან, დეზინფორმაციის გავრცელებით და დებატების თემების დაპირისპირების საგნებად გარდაქმნით. მის ინსტრუმენტებს შორის არის მუქარა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ძალა, მათ შორის ბირთვული იარაღი, ასევე სხვების დადანაშაულება სიტყვის შეუსრულებლობაში, როდესაც სინამდვილეში ის არღვევს თავის დანაპირებს. მან ეს ხრიკი არაერთხელ გამოიყენა", - აღნიშნავს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დასავლეთი არ უნდა მოხვდეს ამ ხაფანგში. იგი წერს, რომ ამ ომიდან არ არსებობს "გვერდითი გასავლელი", ცეცხლის შეწყვეტის, ახალი ხაზების დაფიქსირების ან რაიმე ახალი ორმხრივი "გარანტიების" მეშვეობით.

მას კვლავ მაგალითად აგვისტოს ომი მოჰყავს:

"პუტინი არის მოძალადე, რომელთანაც არ შეიძლება მსჯელობა. მის ლიდერობის ქვეშ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების იდეა - ფანტაზიაა. მხოლოდ ძალის გამოყენება ან მისი გამოყენების მუქარა შეაჩერებს მას, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის არმია თბილისთან გაჩერდა ამერიკის მიერ „სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის" გამოცხადების გამო, რომელსაც თან ახლდა საზღვაო მანევრები შავ ზღვაში. ეს არაა დელიკატური დიპლომატია'.

ის საუბრობს ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაზეც, რომელმაც რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის დაწყება არჩია, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსია ამ პოლიტიკის პირდაპირ შედეგად იქცა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იხსენებს, რომელიც მან ბოლომდე ასევე არ შეასრულა.

"მან ეს გაამართლა ადგილზე "ახალი რეალობის" მოტივით. ამდენი წლის შემდეგ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-მდე და აგრძელებს მიწების მიტაცებას სოფელ-სოფელ, ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გაღმა. ყირიმის ანექსიის შემდეგ 2014 წელს რუსეთმა უკრაინასთან ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებებს მინსკი-1 და მინსკი-2,რომელიც მოიცავდა დებულებებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ეს 2002 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრით დასრულდა".

პუტინთან ურთიერთობის კიდევ ერთ მაგალითად მიხეილ სააკაშვილს მოჰყავს ვაგნერის დამფუძნებელი ევგერი პრიგოჟინი:

"და თუ ეს მაგალითები საკმარისი არ არის, განიხილეთ პუტინის მიერ გაფორმებული გარიგება ევგენი პრიგოჟინთან ივნისში მისი უშედეგო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. პუტინი და პრიგოჟინი შეხვდნენ ერთმანეთს, თვალებში ჩახედეს ერთმანეთს, ხელი ჩამოართვეს და მსოფლიოს აცნობეს, რომ მშვიდობა დაამყარეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ცაში ააფეთქეს პუტინის დაჩის მახლობლად.

შეიძლება ვინმეს სჯეროდეს პუტინის, როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო მოღვაწის, რომელიც იცავს თავის სიტყვას? ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მასთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეა შეცდომაა. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის სამხედრო გამარჯვება, რომელიც სავარაუდოდ მოსკოვის რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს. ნებისმიერი ტიპის დაშოშმინება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს".


close დახურვა